თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თელავის რაიონის მოსახლეობას სექტემბრიდან დედაქალაქში სოფლის მეურნეობის პროდუქტის ჩამოტანა უფასოდ შეეძლებათ.
ამის შესახებ უგულავამ დღეს თელავში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველივე დღიდან თბილისის საგანგებო სიტუაციებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ.
„ვერ დავრჩებოდით გულგრილები იმ უბედურების მიმართ, რომელიც კახეთს თავს დაატყდა. იცით, რომ პრობლემები ბევრი გვაქვს, რამდენიმე თვის წინ თბილისშიც იყო წყალდიდობა, მაგრამ ამაზე ვერცერთი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩება“ - აღნიშნა უგულავამ თელაველებთან შეხვედრისას, სადაც იგი მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მისივე თქმით, თელავში მშვიდობის ქუჩაზე თბილისის მერია სკვერს მოაწყობს.
„რა თქმა უნდა, მეტს იმსახურებთ და უფრო მეტი სარგებელი უნდა მიიღოთ. სექტემბრიდან თბილისში საკვირაო აგრარულ ბაზრობებს მოვაწყობთ, სადაც კახელებს შეეძლებათ უფასოდ ჩამოვიდნენ და საკუთარი პროდუქტი შესთავაზონ თბილისელებს“ - აღნიშნა მან.
ამასთან, პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, კახეთს დახმარება არამხოლოდ თბილისის სამსახურებმა აღმოუჩინეს. რეგიონში ჩავიდნენ ბათუმიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან, ოზურგეთიდან და ლანჩხუთიდან.
დღესვე, პრეზიდენტმა და თბილისის მერმა თელავში მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ალაზნის გამზირზე მოსახლეობას შეხვდნენ.

















