დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ღვინის ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის
ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ორგანიზებით მოეწყო და მასზე კლასიკური და ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დეგუსტაციას „Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი უძღვებოდა, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott). მისი შეფასებით, ქართული ღვინისთვის მიმდინარე წელი დიდ ბრიტანეთში წარმატებული იყო.
„ქართულ ღვინოს მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა. ბრიტანელმა იმპორტიორებმა და ღვინით მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს ახალი ქართული ღვინოები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. აღნიშნულ დეგუსტაციაზე ფართოდ იყო ქართული ღვინის მრავალფეროვნება წითელი, თეთრი და ქარვისფერი ღვინოების სახით წარმოდგენილი. ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ახალია, თუმცა ჩვენ მეღვინეების მხრიდან მზარდ ინტერესს ვხედავთ “ - აღნიშნა სარა ებოტმა.
Swirl Wine Group“-ის მხარდაჭერითა და ადგილობრივი იმპორტიორების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ლონდონში „ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება“, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას შეფასებით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია.
„ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ინდუსტრიის შეთანხმებით, 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი, სტრატეგიული ბაზარი. სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის თანახმად, ქართული კომპანიები დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ინგლისელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა. აღნიშნული აქტივობების მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ლონდონში ცნობადობის ამაღლება ქალაქში, რომელიც ევროპაში ტენდენციის განმსაზღვრელად ღვინის ინდუსტრიაში ითვლება,“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 68 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

















