„სპორტზე საუბრისას მარტო ხასიათი და მარტო შემართება არ არის საკმარისი, სპორტის განვითარებას სჭირდება,
მხარდაჭერა, თანადგომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაგბს ჩვენს ქვეყანაში ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ფონდ „ქართუსგან“ რაგბის კავშირისთვის სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რაგბი ახლოსაა ქართველების მებრძოლ სულთან და შემართებასთან.
“რაგბი ჩვენს ხასიათთან ძალიან ახლოს არის, ქართველების მებრძოლ სულთან, შემართებასთან და ამიტომ არის, რომ ძალიან გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, ამიტომ არის, რომ ვფიქრობთ, რომ რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშია.
თუმცა, მარტო ხასიათი და მარტო შემართება არ არის საკმარისი, როდესაც სპორტზეა საუბარი. სპორტის განვითარებას სჭირდება, მხარდაჭრა, თანადგომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაგბს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა აქვს ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, თაობის ცვლასთან ერთად, ქართული რაგბი კიდევ უფრო ვითარდება და სპორტის ამ სახეობაში, ქვეყანა უფრო მეტ წარმატებას აღწევს.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაგბს შემდგომი მხარდაჭერა, განვითარება სჭირდება, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, ფონდის პრეზიდენტ ნიკო ჩხეტიანს და რაგბის კავშირს მადლობა გადაუხადა.
“ ამ წლების განმავლობაში რაგბი საქართველოში მუდმივად ვითარდებოდა. ქართულ რაგბში, ჩვენს ნაკრებში თაობები იცვლებოდა და თაობის ცვლასთან ერთად, ჩვენი რაგბი კიდევ უფრო ვითარდებოდა და ჩვენ სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვაღწევთ, რა თქმა უნდა, რაგბს შემდგომი მხარდაჭერა სჭირდება, შემდგომი განვითარება და ძალიან კარგია, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს. პირადად პრემიერს, რომელიც რაგბის განსაკუთრებული ქომაგი არის- ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუ“-ს, მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ხელმძღვანელობას, ნიკო ჩხეტიანს. მადლობა მინდა, გადავუხადო რაგბის კავშირს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს რაგბის განვითარებაზე და რომელსაც სული და გული აქვს ჩადებული სპორტის ამ სახეობის განვითარებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სარაგბო კომპლექსის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება, კონკრეტული სპორტული წარმატების გარდა, ერის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ნიშნავს.
„მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ბავშვებს. ბავშვებში არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პოტენციალი და ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება იმ კუთხითაც, რომ, ეს ყველაფერი ნიშნავს, გარდა კონკრეტული სპორტული წარმატებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს მიმართეს და სარაგბო კომპლექსის გახსნა მიულოცეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტმა, ნიკო ჩხეტიანმა.
დღესვე, ფონდ “ქართუსა“ და რაგბის კავშირის პრეზიდენტებმა - ნიკოლოზ ჩხეტიანმა და გოჩა სვანიძემ ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი - თელავში.
ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები აქვს. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსისი ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.
სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

















