„ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება უნიკალური და ემოციურია მოვლენაა,
თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და ახლა ის პორტრეტის სახით დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ქართლ-კახეთის გვირგვინოსანი მეფე- პოეტის თეიმურაზ მეორის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. პორტრეტი დაბრუნება ფონდ ,,ქართუს“ მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით მოხდა. პორტრეტი ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
მიხეილ ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუს“ დამსახურებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში. ფონდმა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებისათვის თითქმის 100 მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად 57 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 11 მილიონი ლარი ჯდება. 2015-16 წლებში ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით საქართველოს, ასევე, ფიროსმანის ორი ტილო, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“ დაუბრუნდა.
რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად მისთვის უცნობი ადამიანის პორტრეტი გასაყიდად გამოიტანა. პორტრეტის ყველა დეტალი მეფე თეიმურაზის გრავიურას დაემთხვა, რომელიც ანტროპოვის ნახატის მიხედვით შეიქმნა.
ისტორიული დატვირთვის მქონე ხელოვნების ნიმუშს საქართველოში პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება უკვე ჩაუტარდა, რითაც უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა კიდევ ერთხელ დადასტურდა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეიდან გამოიფინება. ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი დამთვალიერებლისათვის ღია იქნება და მეფის პორტრეტის ნახვა მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

















