ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველკურსელებს შეხვდა.
პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, პირველკურსლებმა საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ნინო წილოსანი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ახალგაზრდებთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე ისაუბრეს.
„შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება და დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან.
მინდოდა, მათთვის კიდევ ერთხელ მიმელოცა და ჩემი მხარდაჭერა გამომეხატა.
გარდა იმ ძირითადი თემისა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, მის შემომქმედებს, გამოწვევებსა და წარმატებებს, ასევე ინტერაქტიური დიალოგი გვქონდა განათლების თემაზე. ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რა საჭიროებებს ხედავენ ზოგადი განათლების მიმართულებით და როგორი იყო მათი ემოციები სტუდენტობის პირველ დღეებში.
გიორგი კეკელიძესთან შეხვედრით კი დაიწყო ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების სერია, რომლის ფარგლებშიც პერმანენტულად მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები,“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

















