ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის
ცერემონიალი გაიმართება. ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

















