პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ლაღიძეს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები „ატსტუპნიკების“ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.
ლაღიძის თქმით, მერია „ატსტუპნიკების“ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს განიხილავს.
„შევხდით მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ისინი დახმარებას დაგვპირდნენ, თუმცა, ჩვენ აქციებს არ შევწყვეტთ მანამ, სანამ მათი პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება“ - განაცხადა ლაღიძემ.
დედაქალაქის მერიასთან დევნილებისა და „ატსტუპნიკების“ ერთობლივი აქციის დასასრულს გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ მათი მხარდამჭერი აქცია მომავალ კვირას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაიმართება.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.

















