თბილისის მერიასთან ე.წ „ატსტუპნიკებისა“ და დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა მათი პრომლემა საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები შიმშილობით და არჩევნების ბოიკოტით იმუქრებიან.
„ყველა შესაბამის ინსტანციას მივმართეთ, რომ ჩვენს მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართები დაგვეკანონებინა. თუმცა, უშედეგოდ. ყველა ინსტანციიდან ერთიდაიგივე პასუხი მოგვდის, რომ ისინი ვერ დაარღვევენ მესაკუთრის უფლებებს. მოვითხოვთ, მერთან შეხვედრას და ჩვენი პრობლემის დაუყონებლივ გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის აქციას დავიწყებთ და არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბინათმოსარგებლე მადონა გიგიშვილმა.
პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, “ატსტუპნიკების“ აქციას უკვე თვეზე მეტია აფხაზეთიდან დევნილებიც შეუერთდნენ, რომლებიც ასევე საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვენ.
„არ დავიშლებით მანამ, სანამ დედაქალქის მერს გიგი უგულავას არ შეხვდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ“ - განაცხადა ლაღიძემ.
დევნილებისა და „ატსტუპნიკების“ ერთობლივი აქცია მერიასთან ამ წუთებშიც გრძელდება.

















