პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის სხდომების გაშუქებისას მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებისთვის შემოღებული ახალი წესები, დროებით მოქმედებს.
„ვფიქრობ, არ იქნება პრობლემები და ეს ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება. ეს დროის საკითხია, მალე ყველაფერი მოწესრიგდება და ისევ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მთავრობის კანცელარიაში თავისუფლად გაადგილება ყოველთვის შეზღუდული იყო და საშვებითა და აკრედიტაციით ხდებოდა.
ასევე, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყო მთავრობის ახალმა შემადგენლობამ და თავიდან შესაძლოა, ჟურნალისტებს კანცელარიაში ქცევის წესები განემარტოთ.
მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს სხდომის დაწყებამდე და სხდომის შემდეგ მინისტრების კომენტარების ჩაწერის საშუალება არ მიეცათ. მთავრობის ძველი შემადგენლობისა და წინა პრემიერ-მინისტრების დროს ჟურნალისტები სხდომის მიმდინარეობისას კანცელარიის მე-12 სართულზე იმყოფებოდნენ, სადაც სხდომამდე და მის შემდეგ მინისტრების კომენტარების ჩაწერა იყო შესაძლებელი.

















