დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯასტინ მაქენზ სმიტის ინიციატივით დღეს, დიდი ბრიტანეთის კარგი
მმართველობის ფონდის (Good Governance Fund – GGF) მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე და პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე დაესწრნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების ხელშესაწყობად ბრიტანეთის საბჭო და ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) სამ მსხვილ პროექტს ახორციელებს. პროექტები მიზნად ისახავს როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ასევე პროფესიული განათლების როლის გაძლიერებას, მის ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და უმაღლეს სასწავლებლებში მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირებას.
დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund – GGF) საქართველოში ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს და საქართველოს მთავრობას ხელს უწყობს ინკლუზიური ეკონომიკური გაზრდაში, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებაში, პარლამენტის ინსტიტუციურ მხარდაჭერაში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და სხვა რეფორმებში.

















