მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების
მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება.
ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის უფლება მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით აქვთ. მსურველები სწავლას შეძლებენ შემდეგ პროგრამებზე: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არის შესაძლებელი.
აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში საგამოცდო ბარათი გადაეცემა, რომელზეც ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს შეეძლებათ გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები ონლაინ რეგისტრაციის პორტალზეა განთავსებული.
სამინისტროს ინფორმაციით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე გადიან, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით. წელს პირველად, დუალურ პროგრამები ხელმისაწვდომი ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც! ხოლო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე. ჩარიცხვის შემდეგ ისინი გაივლიან ქართული ენის შემსწავლელ მოდულს.

















