შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრძანებით, შსს-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ.
შესაბამისი ცვლილება მინისტრის ბრძანებით შევიდა „შსს-ს სისტემაში ფულადი სარგოს და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ შს მინისტრის 2007 წლის ბრძანებაში.
კერძოდ, დეპარტამენტის დირექტორის ხელფასი 2 560 ლარიდან 2 705 ლარამდე გაიზარდა; დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ანაზღაურება იქნება 2 540 ლარი 2 395 ლარის ნაცვლად; მთავარი სამმართველოს უფროსის - 2 355 ლარი, 2 160 ლარის ნაცვლად; მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის - 2 235, 2 040 ლარის ნაცვლად.
ცვლილების თანახმად, სამმართველოს უფროსი მიიღებს 2 115 ლარს 1 920 ლარის ნაცვლად; სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამსახურის უფროსი მიიღებენ 2 000 ლარს, 1 805 ლარის ნაცვლად; განყოფილების უფროსი 1 295 ლარს, 1040 ლარის ნაცვალდ; რეგიონალური განყოფილების უფროსი 1 250 ლარს მიიღებს; განყოფილების უფროსის მოადგილე, რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - 1 210 ლარს.
უფროსი ინსპექტორისა და მთავარი სპეციალისტის ხელფასები 1 020 ლარი (იყო 780 ლარი) იქნება, ინსპექტორისა და წამყვანი სპეციალისტის - 950 ლარი (იყო 710 ლარი), ხოლო უმცროსი ინსპექტორისა და სპეციალისტის - 820 ლარი (იყო 590 ლარი).

















