მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ორგანიზებით დღეს რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
კონკრეტულად, 27 სექტემბერს, 10.00 საათზე, გაიხსნება საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. კონგრესზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართველოლოგიის ყველა ძირითადი მიმართულება (ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია). ღონისძიებაზე იმუშვებს ენათმეცნიერების, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და რელიგიის, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სექციები.
კონგრესზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით აშშ-ის (მასაჩუსეტსი), დიდი ბრიტანეთის (ლონდონი), გერმანიის (ბერლინი), საფრანგეთის (პარიზი), იტალიის (ვენეცია), შვედეთის (მალმო), სლოვაკეთის (ბანსკა-ბისტრიცა), რუსეთის ფედერაციის (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჩი, დონის როსტოვი, გროზნი, მაგასი), იაპონიის (ტოკიო), ისრაელის (იერუსალიმი), აზერბაიჯანის (ბაქო) წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სახელმოხვეჭილი სწავლულები წარსდგებიან.
კონგრესი, რომლის ორგანიზატორები თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არიან, 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
11:00 საათზე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზსა და კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს.

















