ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ კიდევ ერთი სმარტლაბის SMART|SmR_lab
(School meets Research) შექმნის განზრახულობათა დოკუმენტს მოეწერება ხელი. დოკუმენტს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, სებასტიან შმიდტი და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ჰანს შტროერი მოაწერენ ხელს.
დოკუმენტის თანახმად, იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრთან არსებული სასკოლო ლაბორატორია (JuLab) უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.
ღონისძიების დროს დაგეგმილია ინფორმაციული ხასიათის მოხსენებები, ბუნებისმცოდნეობის მასწავლებლებისთვის კი ჩატარდება მასტერ კლასი: როგორ ეცნობიან 7-12 წლის ასაკის ბავშვები ელექტრობას.
ახალი კონცეფციის ფარგლებში ამოქმედდება ქართველი მოსწავლეების და მასწავლებლების საპილოტე გაცლითი პროექტები. პროექტის ძირითადი მიზანია იმ ახალი მიდგომების გაცნობა, თუ როგორ აწვდიან მოსწავლეებს სკოლებში მეცნიერული კვლევების პრაქტიკაზე დაფუძნებულ ინფორმაციას. გერმანული მხარე უზრუნველყოფს სმარტ-ლაბორატორიის აღჭურვას სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით/აპარატურით.
„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც იულიხის კვლევითი ცენტრის (FzJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) კონსორციუმთან აკავშირებს, 14 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ინტერსთა დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

















