მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების და შედეგების შესახებ
ანგარიში დღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებზე და მოსავლის დაზიანების მიზეზებზე ისაუბრა.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო შტაბის მუშაობა დადებითად შეაფასა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 625 ათასამდე ჰექტარი ფართობი. ჩატარებული ღონისძიებების შედეგია, რომ მავნებელი არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში მისი პოპულაცია, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ იქ სადაც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობა და ფერმერები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, დროულად გაატარეს აგროსამუშაოები, როგორც ფაროსანას, ასევე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, კარგი მოსავალი მიიღეს.
საკომიტეტო განხილვაზე, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა და კვლავ ხორციელდება. შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
საკომიტეტო განხილვას, ფერმერები, სამეცნიერო წრეების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















