მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გერმანიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია "განათლების ელჩები: ქვეყანათშორისი შუამავლები“ პირველად გაიმართება. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განათლების სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიყრიან თავს და იმსჯელებენ განათლების მნიშვნელობაზე კონფლიქტების პრევენციის საკითხებში, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ორდღიან კონფერენციას მოწვეულ დელეგატებთან ერთად გერმანული უნივერსიტეტებიდან განათლების ექსპერტები დაესწრებიან: დოქტორი ოლივერ ჰინკელბაინი (ბრემენის დიგიტალური ცენტრის წევრი, ბრემენის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ვირტუალური აკადემია), იასონ იაკოვიდესი (ბერლინი), იონას იოახიმსი და კატარინა ლინგენაუ (ბრემენის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ვირტუალური აკადემია), ვიქტორია ნიბელი და ელენა რეში (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი), იულიან ირლენკოიზერი (ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტი). საქართველოდან - ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
ორგანიზატორების შეფასებით, კონფერენცია თავისი ფორმატითა და კონცეფციით მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ამ პროგრამაში ჩართული 9 პარტნიორი უნივერსიტეტის განათლების ელჩები ციფრულ სასწავლო პროგრამებს ერთობლივად შეიმუშავებენ, როგორც კონფლიქტის მენეჯმენტში, ტრანსკულტურულ და ინტერკულტურულ კომუნიკაციაში, ასევე განათლების მდგრადი განვითარების სფეროში.
კონფერენციაზე მონაწილეები სასწავლო პროგრამას შეიმუშავებენ, რომელიც პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ხელს შეუწყობს.
პროგრამა "განათლების ელჩები: ქვეყანათაშორისი შუამავლები“ ორიენტირებულია გაეროს მიზანზე - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ და მის ძირითად იდეასა და პრინციპებს ემყარება. განათლების ელჩმა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებასა და ქმედებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელი უნდა შეუწყოს და საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად დაუჭიროს მხარი.

















