ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ მონაწილეობა
მიიღო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის, მაიკლ მაკკორმაკის მიერ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო საზღვაო დღეს მიეძღვნა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ რამდენიმე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს მადლობა გადაუხადა მსოფლიოს საზღვაო ორგანიზაციის არჩევნებში მუდმივი მხარდაჭერისათვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მაკკორმაკი პირადად გაესაუბრა საქართველოს ელჩს და გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მიმართ, მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობისა და ავსტრალიის ინიციატივების აქტიური მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შესაბამის სფეროში აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრალიას შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ავსტრალიის მიერ ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარების დაჩქარების აქტუალურობას ქართული მხარისათვის.

















