გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას
შეხვდა. დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს კონსოლიდირებული სამინისტროს სტრუქტურა და პრიორიტეტები გააცნო და მწვანე ეკონომიკის კონცეფციის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი მიმართულება, სოფლის განვითარებასთან ერთად პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროპარლამენტარებს სატყეო სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა გააცნო.
საუბარი, ასევე კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის მნიშვნელობის საკითხებს შეეხო.
ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.
როგორც საჯად კარიმმა განაცხადა, საქართველოს გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

















