პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტის ინიცირება მოხდა. დღესვე, პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეების პოზიციების შესაჯერებლად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროქტში გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია და რაციონალურადაა გათვლილი ყველა შესაძლო რისკი. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გავიარეთ და, როგორც მონაწილეებმაც დაადასტურეს, შეთანხმებას მივაღწიეთ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი მხრივ, დასაქმებულებს და, მეორე მხრივ, დამსაქმებლებს შეეხება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა მხარის პოზიცია, რაციონალურად გავთვალეთ ყველა ის რისკი, რომელიც რომელიმე მხრიდან შეიძლებოდა ყოფილიყო. ვფიქრობ, საინტერესო დოკუმენტი შეიქმნა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი ინფორმაციით, დოკუმენტი მაღალი დემოკრატიული ჩართულობის პროცესში მომზადდა. „გარდა იმისა, რომ რისკები გაანალიზდა, ჩვენ სამომავლოდაც თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი შევქმენით. ეს უკვე კარგი შედეგია. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ინიცირებულ კანონპროქტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. „ამ პროცესში დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადამუშავდება. ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატში გავაგრძელოთ ამ კანონის აღსრულების პოლიტიკის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ სათანადოდ დავიცვათ როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება.

















