სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ადამიანის
რაობასა და საკუთარი თავის შეცნობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„არსებობს მრავალი სასწავლებელი, უნივერსიტეტები, ინსტიტუტები - ლიტერატურის, ისტორიის, ბიოლიგიის, ქიმიის, ფიზიკის, მაგრამ არ არსებობს ინსტიტუტი - ადამიანის. ბოლოსდაბოლოს, უნდა გაიგოს ადამიანმა ვინ არის იგი. ძველ ფილოსოფოსებს უთქვამთ - „შეიცან თავი შენი“ - ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ ადამიანმა საკუთარ თავს გვერდიდან უნდა შეხედოს.
ილია მეორეს თქმით, დღეს, საზოგადოებას ძალიან რთულ დროში უწევს ცხოვრება, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მეგობრები კი არა, თითქოს მტრები არიან, თუმცა, ადამიანი ადამიანისთვის ძმაა და მას უკვდავი სული აქვს.
„დღეს ადამიანი ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც 100-200 წლის წინ იყო - ხასიათით, შეხედულებებით, აზროვნებით, გარდა სულისა, რადგან მას კვლავაც უკვდავი სული აქვს. ადამიანი, რაც არ უნდა ცოდვებით დაეცეს, მაინც ღვთის ქმნილებაა და მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება“ - ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგებისას ილია მეორემ დაგმო ის ფაქტი, რომ ადამიანები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„ერთმანეთს ისეთ სიტყვებს ვეუბნებით, რასაც არ უნდა ვეუბნებოდეთ. ადამიანს შეურაცხყოფას ვაყენებთ და შემდეგ ჩვეულებრივად ვხვდებით მას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ხომ სირცხვილია“ - აღნიშნა პატრიარქმა.

















