საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თელავში გამართულ სამთავრობო შტაბის საგანგებო სხდომაზე გამგებლებს
სპეციალური დავალებები მისცა.
როგორც მერაბიშვილმა შტაბის სხდომაზე მინისტრებსა და გამგებლებთან საუბრისას აღნიშნა, გამგებლებმა დაზარალებულ რეგიონებში ყველა იმ სტუდენტის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა მოიპოვონ, ვინ დაზარალებული ოჯახებიდანაა და ვისაც სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს.
მისი თქმით, ასეთი სტუდენტებს სწავლის გადასახადი ერთი წლით გადაუვადდებათ.
„ძალიან ბევრ ოჯახს, რომელთა შვილებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდებათ. ამიტომ, ამ დღეებში დავაზუსტოთ იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც დაზარალებული ოჯახებიდან არიან. ჩვენ ამ სტუდენტების დასახმარებლად სპეციალურ ზომებს მივიღებთ“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონში უკვე მიმდინარეობს სასურსათო პაკეტის დარიგება, ასევე, დაწყებულია შხამ-ქიმიკატების დარიგებაც.
„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სასურსათო პაკეტს ელოდებიან, ზეთიც გვაქვს, შაქარიც გვაქვს და ფქვილიც. მიმდინარეობს მათი განაწილება, ამიტომ ადგილი დიდ რიგებსა და აჟიოტაჟს რომ არ ჰქონდეს, ჩვენ მას ყველა სოფელში და ყველა ოჯახში მივიტანთ და წყნარად დავარიგებთ. დახმარების გარეშე არავინ დარჩება“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალის დროულად ჩამოტანას აკონტროლებს.
პრემიერის განცხადებით, შტაბის მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ რეგიონში არსებული პრობლემა ძირეულად არ აღმოიფხვრება.
როგორც სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლმა აღნიშნა, ხვალიდან მოსახლეობისთვის დიზელის დარიგება დაიწყება.
19 ივლისს ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ქარიშხალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთს, მცხეთა-მთანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მიადგა.

















