მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია “მაესტროს“ კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ “მაესტროსთვის“ სატელიტური ანტენებისა და ტექნიკის ჩამორთმევა იყო უკანონობა, რითაც შეილახა ერთისმხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანის უფლება მიიღოს მეტი განსხვავებული ინფორმაცია.
მედიასაშუალებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი რაც შემდეგ სასამართლომაც გაიზიარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებულ დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უშლის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხალხის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
“ჩვენ, ამას აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადაგდმულ ნაბიჯად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად მიუღებელია ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება მედიის წინააღმდეგ როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო, მითუმეტეს პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ, მედიასაშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ, დაუყონებლივ მოიხსნას ყადაღა “მაესტროს“ კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას სახელწოდებით - „მედია ინფრომაციის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ“, პროკურატურისა და ხელისუფლებისკენ არის მიმართული და მას ხელს აწერს რამდნეიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია.
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა “მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დახურულ ფორმატში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე “მაესტროს“ სატელიტური ანტენები 11 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციითვე “მაესტრო“ ანტენების უსასყიდლოდ დარიგებას აპირებდა ისევე როგორც ეს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ შემთხვევაში მოხდა.

















