თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს, ამ დროისთვის
წყალი მთაწმინდის, კრწანისის, ვარკეთილის და ვაკის რაიონებს არ მიეწოდება.
კომპანიაში მთაწმინდა-კრწანისის რაიონში წყლის შეწყვეტის მიზეზად თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილებზე მიმდინარე პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ.
მათი ინფორმაციით, წყალი ამ მიზეზით აღნიშნულ რაიონებში გამთენიისას შეწყდა. იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აქვთ გათიშული წყლის მიწოდება სავარაუდოდ, 19:00-20:00 საათიდან აღუდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტის მთავარ მიზეზად კი, კომპანია წყლის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის გათიშვას ასახელებს.
მათი ინფორმაციით, თბილისის დიდ ნაწილს წყლის მიწოდება ელექტროენერგიის გათიშვის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეუჩერდა. აღნიშნული მიზეზით გათიშულ აბონენტებს წყალი სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის ჩართვისთანავე აღუდგება.

















