ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვილივ განვითარებულ მოვლენებზე დღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმსჯელებენ.
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, მსჯელობის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.
„განვიხილავთ „მაესტროს“ მიმართ განხორცილებულ ქმედებებს, კონკრეტულად კი ანტენების დაყადაღების ფაქტს. ვგეგმავთ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებაც მივიღოთ, ხოლო თუ რა გადაწყვეტილება იქნება, მალე გახდება ცნობილი“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ტუღუშმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები 11 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.
პროკურატურის განცხადების თანახმადვე, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა. პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

















