ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ვარაუდობს, რომ ქვეყანაში სატელიტური ანტენების „დეფიციტი“ ხელოვნურადაა შექმნილი.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სატელიტური თეფშები ლილოს ბაზრობაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილზე, ისიც შეზღუდული რაოდენობით იყიდება.
"როდესაც ლილოს ბაზრობაზე გასულებმა სურვილი გამოვთქვით, 15 სატელიტური ანტენა და მიმღები გვეყიდა, ერთ-ერთმა გამყიდველმა გვიპასუხა, რომ ანტენების ამდენი რაოდენობა არ ჰქონდა. იგივე პასუხით გამოგვისტუმრეს სხვა გამყიდველებმაც“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, ბაზრობაზე გამყიდველები ამბობდნენ, რომ მხოლოდ ორი-სამი თეფშის მიყიდვა შეეძლოთ, რაოდენობის შეზღუდვის მიზეზებზე კი არ საუბრობდნენ.
ორგანიზაციის განცხადებით, მოვაჭრეები სატელიტურ ანტენებს ლილოს ბაზრობასთან მდებარე საწყობებში ყიდულობენ.
„დახლზე მოვაჭრეებმა გვითხრეს, რომ თეფშების დილერებს შეჩერებული ჰქონდათ ოპერაციები. საწყობები ჩვენც დაკეტილი დაგვხვდა“ - აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
„დეფიციტის“ მიზეზების გარკვევის მიზნით, ორგანიზაცია ერთ-ერთ კომპანიას და ინდმეწარმეს დაუკავშირდა და 20 ანტენის სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟება სთხოვა, თუმცა, ორივე მათგანისგან უარი მიიღო „ლილოში სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით არსებული რაღაც პრობლემების” გამო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, ასეთივე მდგომარეობაა ბათუმში, სადაც ორგანიზაციის ერთ-ერთმა მოხალისემ 6 სხვადასხვა მაღაზია შეამოწმა და თითოეულს მხოლოდ 10-10 თეფში ჰქონდა.
„რამდენიმე მაღაზიის მეპატრონემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ სატელიტური თეფშები და მიმღებები, რომელსაც ყიდდნენ, უკანასკნელი იყო და როდესაც ისინიც გაიყიდებოდა, უახლოესი თვეების განმავლობაში ახალს ვეღარ მიიღებდნენ“-აღნიშნავს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია იქვე დასძენს, რომ ამ პროცესის პარალელურად, ორმა სატელიტურმა ოპერატორმა - MagtiSat-მა და BlackSeaSat-მა მუშაობა გააქტიურა - ისინი მომხმარებლებს მომსახურების პაკეტსა და აღჭურვილობას სთავაზობენ. ამ სერვისისთვის კი, მომხმარებელმა ყოველთვიური გადასახადი და მონტაჟის 200 ლარამდე ღირებულება უნდა გადაიხადოს, მაშინ, როდესაც ნებისმიერი სატელიტური თეფშის მეშვეობით, რამდენიმე ქართული არხი უფასოდაა ხელმისაწვდომი.

















