საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტისთვის შექმნილი
საპილოტე სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, პირველი საპილოტე პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატისთვის გაკეთდა და მისი შექმნის ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტში მოსული ახალი სპეციალისტები, რომლებსაც სხვადასხვა კონკრეტულ და სპეციფიურ სფეროში გამოცდილება და ცოდნა აქვთ, ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ.
„პარლამენტი არის მათთვის ახალი გამოწვევა, ახალი სფერო და პარლამენტს აქვს განსაკუთრებული თავისებურება. აქედან გამომდინარე დადგა საჭიროება, რომ პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განსაკუთრებული სპეციფიკა უფრო უკეთ აგვეხსნა, რაც გაუადვილებდათ მათ საპარლამენტო საქმიანობაში სწრაფად ინტეგრირებას და ჩართვას. ჩვენ ეს იდეა როგორც კი გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს, სასწავლი ცენტრთან ერთად დავიწყეთ სწორედ ამ პროექტის მომზადება. ძალიან კარგი გამოდგა ეს პროექტი, განსაკუთრებით, როდესაც რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა მხარდამჭერი. პროექტი იყო რამდენიმე თვიანი და მასში მონაწილეობდა ჩვენი კომიტეტის აპარატი“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარლამენტისა აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს აქტიური მხარდაჭერისთვის.
პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა. მან პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მოვალეობებზე, ფუნქციებსა და როლზე ისაუბრა.
„აპარატის თანამშრომლის შემდგომი ზრდა, ამ ინსტიტუტის გაძლიერება არის ძალიან კარგი წამოწყება. „საპილოტე პროგრამა“ იქნება წონიანი პროგრამა. რაც უკვე გაკეთდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ რაც დღეს წარმოვადგინეთ, ეს იქნება ეს თემა, რომელიც პარლამენტის ისტორიას გაჰყვება დღეიდან. შეიძლება ითქვა, ეს ისტორიული მომენტია“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტისა აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიმართა.
„მისასალმებელია, როდესაც ინიციატორის მხრიდან წარმოშობილი ასეთი კარგი იდეა აიტაცეს დონორმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მრავალმხრივი თანამშრომლობა შედგა. ჩვენ სწორედ დღეს ამ სამაგალითო თანამშრომლობის შედეგის მომსწრენი ვართ“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ამ პროექტის შექმნა მნიშვნელოვანია მთლიანად პარლამენტში მიმდინარე პროცესებისთვის, იმ რეფორმებისთვის და იმ საკანონმდებლო ჩარჩოდან წარმოშობილი ახალი ფუნქციებისთვის, რომლითაც პარლამენტი, სულ რამდენიმე თვეში, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლით აღიჭურვება.
პარლამენტისა აპარატის უფროსმა ღონისძიების მონაწილეებს საგანმანათლებლო კუთხით პარლამენტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„ამ პროგრამით პირველი პრეცენდენტი შეიქმნა, რომ სწორედ კომიტეტის დონეზე, კომიტეტის აპარატზე და მის თანამშრომლებზე მორგებული სპეციფიური პროგრამა შემუშავდა“,-აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამაში ასახული საკითხები გათვალისწინებული იქნა პარლამენტის აპარატის მიერ შექმნილ საბაზისო სასწავლო პროგრამაში.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ღონისძიების მონაწილეების ყურადღება ორ მნიშვნელოვან ინიციატივაზე შეაჩერა. ერთი ინიციატივის თანახმად, მიმდინარე წლის მაისიდან, 16 სახელმწიფო-საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო მეორე ინიციატივის თანახმად, 2018 წლის ბოლოდან და 2019 წლიდან შეიქმნება ელექტრონულ სწავლების პლატფორმა მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლებისთვის.
გივი მიქანაძემ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნთონმა.
„ვაფასებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ძალისხმევას ამ მნიშვნელოვანი პროექტის შემუშავებისთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, ასევე, მხარს ვუჭერთ პარლამენტის სასწავლო ცენტრს, რომელმაც, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ შესანიშნავი სამუშაო გასწია. მხარდაჭერა დავიწყეთ შეფასებით - შევხვდით პარლამენტის წევრებს, თანამშრომლებს, რათა მათი საჭიროებები გაგვეგო. ერთ-ერთი დასკვნა იყო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ის უფრო მდგრადი გახდეს და რეგულარულად ჩაატაროს მეტი ტრენინგი როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ასევე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის. მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა როგორც კომიტეტების, ასევე, სასწავლო ცენტრის შესაძლებლობები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაგვეხმარა სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების საჭიროებების იდენტიფიცირებაში, მოვამზადეთ ტრენერები და შევიმუშავეთ შეფასების გეგმა“,-განაცხადა ლორა თორნთონმა. მან NDI - ს მხრიდან თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საპილოტე სასწავლო პროგრამა წარმოადგინა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის მიმდინარე წლის თებერვალ-ივნისში განხორციელდა. პროგრამა ხუთი მოდულის და სამი სასწავლო ტრენინგისგან შედგებოდა.
მოდულები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების საქმიანობა და სერვისები; კანონშემოქმედებითი საქმიანობა; საპარლამენტო ზედამხედველობა; საბიუჯეტო საქმიანობა და ადამიანის უფლებები.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა შემდეგ საკითხებზე: საჯარო მოხელის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა და ეთიკური სტანდარტები, სახელმწიფო ენა მოხელეთათვის და დროის ეფექტიანი მართვა.
საპილოტე პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფაში კომიტეტს მხარდაჭერას უწევდა: საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტები „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის UK AID-ი და ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის.
ღონისძიების დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადაეცათ.

















