ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულთა 96-ე გამოშვების საზეიმო ღონისძიებას თსუ-ს ბაკალავრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კედლებში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ყველაზე დიდი სამომავლო ინვესტიციაა, უმნიშვნელოვანესი კაპიტალია თქვენი პირადი, პროფესიული თუ საზოგადოებრივი თვითრეალიზაციისათვის. თითოეული თქვენგანის წარმატება კი ჩვენი ქვეყნის საერთო წარმატებაში შეტანილი წვლილია“ - მიმართა სტუდენტებს მიხეილ ბატიაშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წელს 4600 პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის 500-მდე აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.
წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაასრულა.

















