საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯით ბრინკი ხვალ მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთორმეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, 39 მოხალისეს ფიცის დადების ცერემონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი თანამდებობის პირები მიიღებენ მონაწილეობას.
მშვიდობის კორპუსის აღნიშნული ჯგუფი ინგლისური ენის 31 მასწავლებელისა და სოციალური მეწარმეობისა და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის 8 მოხალისესგან შედგება.
მოხალისეები ინგლისურის სწავლებისა და ბიზნესის და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში იმუშავებენ.
მშვიდობის კორპუსი აშშ-ს სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით 1961 წელს დაარსდა.
მშვიდობის კორპუსის პროგრამა საქართველოში 2001 წელს ამოქმედდა და მეთორმეტე ჯგუფის ჩათვლით 476 მოხალისეს აერთიანებს.

















