ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების მიერ
იგოეთში ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნების აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული ცნობები შეცვალოს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, იგოეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა.
თსუ-ს ინფორმაციით, სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა აღმოაჩინეს, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა.
არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს - იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად, მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 4 საკულტო ოთახი. მათ შორის, საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.
მსოფლიოში არ მოიპოვება იგოეთში აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული. იგოეთში არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც თსუ-ს სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.

















