გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირების პრინციპები გააცნეს.
აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლაბორატორიის დიაგნოსტირების თითოეულ პროცედურას დეტალურად გასცნობოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტებმა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტირების ლაბორატორიებიც მოინახულეს. მათ დაავადების სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან მიიღეს.
უწყების ცნობითვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.
პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება, როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.

















