საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 2006 წლიდან დღემდე, ქვეყანაში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე 556 671 301 ლარი დახარჯა.
როგორც „ასოციაცია ატუს“ გენერალურმა დირექტორმა კარლო ლეკვეიშვილმა „ნიუსპრესს“ განუმარტა, მისი კომპანია 2006 წლიდან სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე უსასყიდლოდ ეწევა ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სოციალური ობიექტების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. სამუშაოები ფონდ „ქართუდან“ ფინანსდება.
მისივე ინფორმაციით, „ატუს“ 100-ზე მეტი ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია აქვს განხორციელებული, რომელზეც ჯამში 303 885 479 ლარია გახარჯული, ხოლო 252 785 822 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაწილი სახელმწიფოსთვის ჩასაბარებლად უკვე მზადაა, ნაწილის რეაბილიტაცია გრძელდება.
„ჩვენი კომპანია გარდა სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისა, ობიექტების ტექნიკით აღჭურვასაც ახორციელებს“ - აღნიშნა ლეკვეიშვილმა.
„ატუს“ მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის რეაბილიტაცია, რომელზეც 4 018 742 ლარი დაიხარჯა, მარჯანიშვილის თეატრზე - 1 565 220 ლარი, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის რესტავრაციაზე - 4 123 430 ლარი, რაგბის სპორტული ბაზა „შევარდენი“ – 8 135 546 ლარი, რაგბის სპორტული ბაზა „სინათლე“ – 5 744 601 ლარი.
რაც შეეხება რეგიონებში განხორციელებულ პროექტებს, კომპანია „ატუ“-ს მხოლოდ იმერეთის რეგიონში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და მშენებლობაში 38 233 975 ლარი აქვს გახარჯული. მისი აშენებულია საჩხერის რაიონის პოლიციის შენობა, რომელიც 617 505 ლარი დაჯდა, საჩხერის დახურული საცურაო აუზის მშენებლობაზე კი, 5 4 643 883 ლარი დაიხარჯა, ამავე რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის მშენებლობა 8 462 889 ლარი, ხოლო საჩხერის რაიონის გაზიფიკაციისთვის კომპანიამ ათობით მილიონი ლარი დახარჯა, ასევე, ყუმისთავის მღვიმის რეაბილიტაციას 5 041 150 ლარი მოხმარდა.
კომპანიის მიერ აჭარის რეგიონში 42 402 419 ლარია გახარჯული, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმის მშენებლობა 16 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.
ათობით მილიონი ლარის სამუშაოები აქვს ჩატრებული „ატუს“ ქართლისა და გურიის რეგიონებშიც.
ამასთან, კომპანიამ ამ დროისთვის 64 859 681 ლარის ღირებულების 17 ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და ეკონომიკის სამინისტროს მათ ჩაბარებაზე მზადყოფნის შესახებ წერილობით მიმართა.
ამ დროისთვის, „ატუ“ 46 ობიექტის რეაბილიტაციასა და მშენებლობას აგრძელებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 187 926 141 ლარია.
აღნიშნულ ობიექტებს შორისაა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თსუ-ს პირველი კორპუსი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რაგბის სტადიონები, ქუთაისში რაგბის სპორტული კომპლექსი და ნატანებში ახალი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონზე მეტია.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული. პროექტები სახელმწიფოს მიერ მიმართვის საფუძველზე ხორციელდება. თუმცა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, „ატუს“ სახელმწიფოსგან რეაბილიტაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებით თხოვნები აღარ მიუღია.

















