წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქის მოსახლეობისგან თბილისის სამაშველო სამსახურში 85 გამოძახება შევიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად, სახლების სარდაფებსა და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვას ეხებოდა.
მათი ინფორმაციით, სახლების სარდაფები თბილისის ყველა რაიონში დაიტბორა. გზების ჩახერგვისა და მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვასთან დაკავშირებით, გამოძახებები არ დაფიქსირებულა.
ძლიერი წვიმა თბილისში გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე წუთიანმა წვიმამ განსაკუთრებით რეგიონები დააზარალა. ზიანი კახეთს, მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს მიადგა.
თელავში, გურჯაანსა და ლაგოდხში რაიონული ინფრასტრუქტურის გარდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ვენახები, დაიხოცა საქონელი. სახურავის გარეშე დარჩა თელავის თეატრი.
დაზიანებულია წყლის სათავე ნაგებობები, სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში, ასევე, დუშეთისა და თიანეთის რაიონების სოფლებში.

















