ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე,“Rallye Aéro France”-ის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეებისათვის და
მოწვეული სტუმრებისათვის დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიების მასპინძელია ავიაკომპანია „Service Air“ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky Georgia”.
მიღებაზე სიტყვით გამოვლენ ნატახტარის აეროდრომის ოპერატორი კომპანიის, ავიაკომპანია „Service Air“-ის და “Vanilla Sky Georgia”-ს დამფუძნებელი ამირან მანჯავიძე, “Rallye Aéro France”-ის ორგანიზატორი ჟან მიშელ კოლინიუ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საფრანგეთის საკონსულოს წარმომადგენლები.
ავიაკომპანია „სერვისეარის“ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky”-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ“Rallye Aéro France”-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს. ევროპულმა რალიმ 16 ივნისს საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky”-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ. რალი მხარდამჭერი უწყებებია: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და „საქაერონავიგაცია“.

















