საპარლამენტო უმრავლესობის წეევრი სოფო კილაძე თბილისის N79-ე ბაგა ბაღს
ესტუმრა. ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ბაღის გამოსაშვებ კონცერტს დაესწრო, რომლის შემდეგაც ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა დაათვალიერა. მიღებული თანხით ბაღი ივერთ უბანში მდებარე დედა ბარბარეს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს ეხმარება.
გამოფენის შემდეგ, პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრაზე დეპუტატი ბაღის ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდა. შეხვედრაზე სოფო კილაძემ საქველმოქმედო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მსგავსი საქველმოქმედო აქცია არაერთხელ მოვაწყვეთ ნაძალადევში, რითაც ბავშვები თავიანთ თანატოლებს დაეხმარნენ. ადრეც აღმინიშნავს და კვლავ გავიმეორებ, ეს არის თანატოლების მიმართ ემპათიისა და ზრუნვის უკეთილშობილესი გამოხატულება, ისევე როგორც ხელოვნების მიმართ მათი ინტერესის წახალისება. მჯერა და მეიმედება ამ ღირებულებებზე გაზრდილი მომავალი თაობის“ - აღნიშნა დეპუტატმა.
სოფო კილაძემ შეხვედრაზე მშობლებს განუცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ბავშვთა უფლებების დაცვა ერთ- ერთი პრიორიტეტი იქნება. დეპუტატმა, ასევე, ისაუბრა ბავშვის კოდექსზე, რომელზეც კომიტეტმა მუშაობა უკვე დაასრულა და გაფართოებული ჯგუფის ფარგლებში დამუშავების ბოლო ეტაპს გადის.

















