საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად ექვსი
ადამიანის დაღუპვის ფაქტზე ღრმა მწუხარება გამოთქვა.
მიხეილ სააკაშვილი დაშავებულთა ახლობლების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს სამძიმარს უცხადებს.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გზებზე გადაადგილებისას იყოთ ძალიან ფრთხილად - საქართველოს არა ჰყავს არც ერთი დასაკარგი ადამიანი და არც ერთი დასაკარგი სიცოცხლე“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანთან გუშინ ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. „მერსედესის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და „შკოდა“-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, ხოლო „ბე-ემ-ვეს“ მარკის მანქანა დაზიანდა.
გარდაცვლილთა შორის მიკროავტობუსის 5 მგზავრია, ერთი კი, მსუბუქი ავტომობილის. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. რაც შეეხება დავაშებულებს ისინი კლინიკებში მკურნალობას განაგრძობენ. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

















