არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ ხელმძღვანელმა ნესტან კირთაძემ მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა.
მისი თქმით, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი, რომელიც 2-9 ივლისს შედგა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველია.
კირთაძე განმარტავს, რომ მას საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ექსპერტიულ გარემოცვასთან.
„ისინი თანამედროვე რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას ქმნიან. არ გამოვიყენე სიტყვა შეხვედრები, გამოვიყენე სიტყვა „მოლაპრაკებები“, რადგან მოსკოვთან სწორედ ურთულესი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებაზე ახალი ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმა, რომლის ავტორი „ქართულ -აფხაზური და ქართულ-ოსური სახლია“, ევროპაში შეფასდა, როგორც უნიკალური შემთხვევა, ხოლო რუსეთში შეფასდა, როგორც ახალი ფურცლები თანამედროვე დიპლომატიის ისტორიაში“- განაცხადა კირთაძემ.
მისი თქმით, სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში შეიქმნა, ხალხთა შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების და სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების ასპექტებს შეიცავს.
კირთაძის განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებები მორალური თვალსაზრისით რთული იყო.
„რთული იყო ჩვენი სამად დანაწევრებული ქვეყნის გამო, ასევე იმის გამო, რომ აგვისტო მოდის და 2008 წლის მოვლენების გახსენება თითოეული ქართველისთვის ძალიან რთულია, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთთან პირველი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაწყებულია“- აღნიშნა კირთაძემ.
მისი თქმით, გარდა მოსკოვისა, იგი ევროპაში საერთაშორისო კვლევის ცენტრების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, პოლიტიკურ წრეებს და ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა.

















