საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2012 წლის 6 თვის განმავლობაში, 22 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინო-ფოტო-ფონო-დოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი არქივებიდან 21 021 თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა გაიცა.
ამავე პერიოდში ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში 446 მკვლევარმა იმუშავა, მათ შორის 30 უცხოელი იყო.
ეროვნული არქივის ცნობით, უცხოელი მკვლევარების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა თემები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-21 წლებში; სამხრეთ კავკასია საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკაში; ჩრდილო კავკასიელ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა; დაღესტან-საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტაქტები; მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა სამხრეთ აზერბაიჯანში; კავკასია მე-19-მე-20 საუკუნეებში; სახელოვნებო დაწესებულებები 1920-30-იანი წლების კავკასიაში და სხვა.
საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს სხვადასხვა მომსახურებას უწევს - სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება.
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები - დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვა.

















