საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, „როუფ ჯამპინგის“ დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის ტექსტი facebook-ის პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.
„შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს“ - აღნიშნავს პრეზიდენტი და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოთქვამს.
შემთხვევა თბილისში 15 ივლისს, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა, სადაც 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი სამოყვარულო ექსტრემალური სპორტის სახეობა „როუფ ჯამპინგს“ დროს ხიდიდან ერთი თოკით გადახტნენ. თოკი გაწყდა და ისინი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.
მარიამ ყანდაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გოგა გოლეთიანი კი, რამდენიმე წუთში, საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.
განიხილება ვერსია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ. „როუფ ჯამპინგის“ ღონისძიება მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძის შვილის ერეკლე გუჯაბიძის ორგანიზებული იყო.

















