კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა დღეს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს და მათ საკუთრებაში არსებული ბინების რეგისტრაციაში გატარება მოითხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ადვოკატმა მარინა კორძაძემ განუცხადა, კომპანიის მიერ 6 200-მდე ოჯახია დაზარალებული, რომელიც დაახლოებით 30 000-მდე მოქალაქეს შეადგენს.
მისი თქმით, „ცენტრ-პოინტმა“ დაზარალებულთა 310 მლნ ლარი მიითვისა, ახლა კი, კომპანია „დექსუსი“ მათგან თანხის დამატებას ითხოვს.
„გარდა იმისა, რომ ჩვენი ქონება მიითვისეს, კიდევ დამატებით თანხებს გვძალავენ. ის მოგება არ ეყოთ, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს მოგება შემოეხარჯათ. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერვალიშვილი კი, რომელსაც თავი „უცოდველ კრავად“ მოაქვს, ისეთ სახეს იღებს, თითქოს მას არაფერი დაუშავებია“ - განაცხადა კორძაძემ.
მისივე თქმით, დაზარალებულები მშენებლობების საკუთარი სახსრებით დამთავრებაზე თანახმა არიან, თუმცა, საჯარო რეესტრში მათი საკუთრების დარეგისტრირება ისევ არ ხდება.
აქციის მონაწილეებმა დღესვე, ხელმოწერები შეაგროვეს და ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელზე მიმართვა შეიტანეს.
მიმართვის თანახმად, დაზარალებულები მერაბიშვილს მოუწოდებენ რუსუდან კერვალიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში არ ჩართონ.
„მოგიწოდებთ, ჩვენს საქმეებზე გაეცნოთ სასამართლო გადაწყვეტილებებს. სასამართლოები თაღლითების ინტერესებს იცავენ და ფაქტიურად, როგორც „ცენტრ-პოინტის“ მხარე ისე გამოდიან. აღიაროთ შიდა ვალად კომპანიის დაზარალებულთა ზარალი, რადგანაც არა მხოლოდ კერვალიშვილი და რჩეულიშვილის დამნაშავე ოჯახია პასუხისმგებელი, არამედ სახელმწიფოც“ - ნათქვამია მიმართვაში.
დაზარალებულები, პრემიერ-მინისტრს რუსუდან კერვალიშვილისა და „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების რჩეულიშვილების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და დაუსრულებელი მშენებლობების დასამთავრებლად სამთავრობო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ.
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დღევანდელ აქციაზე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც მივიდა და აქციის მონაწილეებს თანადგომას დაჰპირდა.
ლორთქიფანიძემ აქციის მონაწილეებს მასშტაბური აქციის მოწყობისა და რუსთველის გამზირის გადაკეტვის იდეა მიაწოდა.
„ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















