საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს.
დღეს 10 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემატიკაზე - „საგარეო პოლიტიკის საკითხები საქართველოს დამფუძნებელ კრებაში“, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი პაატა სურგულაძე.
პაატა სურგულაძე მიმოიხილავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტულ ისტორიოგრაფიას, კონკრეტულად პოლიტიკური ემიგრაციის პირველი ტალღის წარმომადგენელთა მიერ ემიგრაციაში მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში შექმნილ ნაშრომებსა და მემუარებს, სადაც განხილული და დახასიათებულია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითები.
ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის აკადემიური დოქტორი პაატა სურგულაძე 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ირანის, რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის ახალი და თანამედროვე ისტორიის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარებაში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო უწყების ორგანიზებით, აღნიშნულ თემატიკაზე ტარდება საჯარო ლექციები, ისტორიული ფოტო გამოფენები, ღია კარის დღეები და სტუდენტური შეჯიბრები.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.
ლექცია 18:00 სთ-ზე დაიწყება.

















