შრომითი ურთიერთობები და შრომის უსაფრთხოების საკითხები იყო შეხვედრის თემა,
რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ცქიტიშვილსა და სტუდენტებს შორის საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართა.
დიმიტრი ცქიტიშვილმა ახალგაზრდებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორია გააცნო.
პარლამენტის წევრი სტუდენტებს შრომითი ურთიერთობების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით კანონზე მუშაობის პროცესი დეტალურად აუხსნა.
"ეს არის კანონი, რომელიც თავს უყრის ყველა სტანდარტს და რეგულაციას. კანონი მიღებულია და საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა მის სრულად ამოქმედებამდე,''- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მან ახალგაზრდებს ინიციატივაც გააცნო, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დამუშავდება და რომელიც კანონის მოქმედების არეალის გაფართოებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში დაგეგმილია მოსმენები, საკომიტეტო სხდომების ფორმატში, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
"კარგი იქნება თუ თქვენც თქვენი მოსაზრებებით და შეფასებებით ჩაერთვებით ამ პროცესში და თქვენს კომპეტენტურ წვლილს შეიტანთ ამ საერთო საქმეში,''- მიმართა დიმიტრი ცქიტიშვილმა ახალგაზრდებს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტების მოსაზრებებს გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
"დღეს სტუდენტებთან მქონდა საინტერესო შეხვედრა და ვისაუბრეთ იმაზე თუ რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს შრომის ურთიერთობების და შრომის უსაფრთხოების კუთხით. ვისაუბრეთ სხვა თემებზეც. ზოგადად, ახალგაზრდებთან შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს კიდევ მეტად გახსნილი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის",-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

















