ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. თბილისის 126-ე საჯარო
სკოლის მოსწავლეებმა ანტიბულინგური კამპანია გამართეს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლია გიგაური დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი პოსტერები გამოფინეს და სკოლის ეზო თემატური სიმბოლოებით მოხატეს. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ძალადობის თემაზე დებატები გამართეს და კამპანია მათ მიერ შექმნილი ფილმის ჩვენებით დაასრულეს.
„თბილისის კლასიკურ გიმნაზიაშიც დღე კეთილგანწყობის, სითბოს და სიკეთის ურთიერთგაცვლით დაიწყო. სკოლის ფოიეში, გულის ფორმის ფერადი ბუშტები საოცარ გარემოს ქმნიდა. ბავშვებმა ფერადი სტიკერებით სკოლის კედლებზე გულები, ღიმილი და პოზიტიური ენერგიის გამომხატველი მესიჯები გამოხატეს. დიდ ფერად გულებზე ბავშვები და მასწავლებლები ერთმანეთს წარწერებს ჩუქნიდნენ. სკოლის დერეფნები ულამაზესი სანახავი იყო. ღიმილი და უპირობო კეთილგანწყობა ამ დღის თანამგზავრი გახდა და მთელი წლის მანძილზე გაყვებათ აქციის მონაწილეებს. ანტიბულნგის გამომხატველი აკრძალვის სლოგანების ჩანაცვლება პოზიტიური გზავნილებით, იმ ენერგიის წარმომქმნელი აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე წარმატებით უმკლავდება ძალადობას და აგრესიას“-ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

















