ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დირექტორ მაია ავრამოვსკასთან და ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში, ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების სისტემის განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს როგორც ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების ხელშეწყობის შესაძლებლობები, ასევე პროფესიული გადამზადების, კულტურულ-საგანმანათლებლო და პერსონალური განვითარების ხელშემწყობი პროგრამები.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „DVV International“-ის საქმიანობის სპეციფიკა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის გზით, საქართველოს რეგიონის განვითარებას გულისხმობს.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს გააცნო საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია სოფლის, განსაკუთრებით მთიანი რეგიონის, სკოლების საგანმანათლებლო ცენტრებად გადაქცევა, სადაც თავს მოიყრის ყველა ასაკის, მათ შორის ზრდასრულებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამა.

















