შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეიდან დასაქმების აგენტების ტრენინგს იწყებს.
ტრენინგები 15-25 ივლისის პერიოდში ჩატარდება, რომლის დროსაც მომზადებას სამი ათასამდე აგენტი გაივლის.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა და რაიონში ჩავლენ და უშუალოდ ოჯახებში დაიწყებენ მუშაობას.
აღირიცხებიან სამუშაოს მაძიებლები, სპეციალური ანკეტების მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია, სადაც პირველადი მონაცემების გარდა, დასაქმების მსურველის კვალიფიკაცია და პროფესია იქნება მითითებული.
მოპოვებული ინფორმაცია კი, უკვე ახლადშექმნილ სამუშაოს მაძიებელთა მართვის ცენტრში შევა, სადაც სამუშაოს მაძიებელთა ბაზა შეიქმნება. მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესი სავარაუდოდ, ნოემბრამდე გაგრძელდება.
დასაქმების აგენტების, ასევე, სამუშაოს მაძიებელთა ცენტრისა და ბაზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროსა და დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან მიიღებს.

















