საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა და პრეზიდენტის
ინიცირებული ახალი პროექტი - „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები“ გააცნო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში ორთვიანი გადამზადების საშუალებას აძლევს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მსურველებს შეუძლია აირჩიონ ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. პროექტის თანახმად 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.
პროგრამის ფარგლებში მსურველთა რეგისტრაცია 16 ივლისიდან იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად რესურსცენტრებში, საჯარო სკოლებსა და ვებგვერდზე: www.po.ge იწარმოებს.
ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.

















