არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას
გამოთქვამს და ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას
საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით უზრუნვეყოფილი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დღეს განცხადება გაავრცელა.
„გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და იგი ყველა იმ უფლების ქვაკუთხედია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებს წარმოადგენს“ - ნათქვამია განცხადებებაში.
მათივე თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების საკითხი და კარალეთში ჟურნალისტების ცემის ფაქტი მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მოახდინოს მყისიერი და ადექვატური რეაგირება.
„მოვითხოვთ კარალეთში ჟურნალისტების ცემის ფაქტზე სახელმწიფომ შეასრულოს მისი ვალდებულება და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება. მედიის როლი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის, რაც განსაკუთრებით იზრდება წინასაარჩევნო პერიოდში. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მედიის თავისუფლება მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით“ - ნათქვამია განცხადებაში.

















