ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლების საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ უკვე დასრულდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „მაესტროს“ წამყვანმა თეა სიჭინავამ განუცხადა, საპროტესტო აქციების გაგრძელება ხელისუფლების მორიგ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
დღევანდელ აქციაზე კი, ტელეკომპანიის ჟურნალისტები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, ხელისუფლებას მათთვის პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ხელი არ შეეშალა და უკან დაებრუნებინათ დაყადაღებული ანტენები, რომელიც მოსახლეობამდე განსხვავებული ინფორმაციის მიტანის შესაძლებლობა გახდება.
დღევანდელ აქციაში უფლებადამცველები, მედიის წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები მონაწილეობდნენ, რომლებიც „მაესტროს“ სოლიდარობას უცხადებენ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ხელისუფლებას მუშაობის საშუალების მიცემას სთხოვენ. ამის შესახებ „მაესტროს“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დღეს, პარლამენტის წინ აქციაზე წარადგინეს.
„მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით „მაესტრო“ ყველა ოჯახში! ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „მაესტროს“ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია, მოისმინონ განსახვავებული აზრი.
„მოგვეცით შესაძლებლობა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია, რისი შეზღუდვაც მავნებელია“ - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

















