„ღია დემოკრატიის ინსტიტუტის“ მოწვევით საქართველოში მყოფი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა სავაჭრო ქსელიდან
სატელიტური ანტენების ამოღების შესახებ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არაზუსტს უწოდებს. ამის შესახებ სტეფან ბანდერამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბანდერამ აღნიშნა, ანტენების გაყიდვიდან მოხსნის შესახებ გამოძიება ჩაატარეს, რადგან აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციური არხების მეშვეობით ვრცელდებოდა.
მისი თქმით, ფაქტის შესამოწმებლად 8 ადგილას მივიდნენ, სადაც სატელიტური ანტენები და დეკოდერები იყიდებოდა.
„მარტო ლილოს ბაზრობაზე სამი დახლი აღმოვაჩინეთ, სადაც სატელიტური ანტენები იყიდებოდა. მათ არც კი გაუგიათ ამ ანტენების გაყიდვის აკრძალვის შესახებ და განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ“ - განაცხადა ბანდერამ.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ მცირე ფაქტია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალი ამბები პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდეს.
„გადაუმოწმებელი ფაქტები, ნახევრად სიმართლე და ჭორები, მაშინაც კი არ არის გამართლებული, თუკი ის ყველაზე ღირსეულ მიზანს ემსახურება. პოლიტიკური შეხედულება არ უნდა დამახინჯდეს“ - განმარტა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ ასევე, არსებობს რამდენიმე მაგალითი საზოგადოების არაზუსტი ინფორმირებისა იმ მედია საშუალებების მიერ, რომლებიც მთავრობის მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან.

















