გორის რაიონ სოფელ კარალეთში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული ჟურნალისტების დაკითხვას პოლიციამ თავი აარიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა საბა წიწიკაშვილმა განუცხადა, ყველა ჟურნალისტი, რომელიც კარალეთის ინციდენტის დროს დაზარალდა საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
მისივე თქმით, ჟურნალისტები იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად საკუთარი ინიციატივით გამოცხადდნენ, თუმცა, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მათ განუცხადეს, რომ გამომძიებელი მათთვის ჯერ ვერ მოიცლიდა, რადგან „სხვებს კითხავდა“.
„პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ჩვენების მისაცემად სამართალდამცავები არც კი დაგვკავშირებიან. მხოლოდ სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტი და ოპერატორი დაკითხეს, რომელთაც კარალეთში სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწოდნენ და ვიდეო კამერაც წაართვეს“ - აღნიშნა წიწიკაშვილმა.
კარალეთში გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
კოალიციის ლიდერები და წარმომადგენლები დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ და დევნილებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი ისინი ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს. კარალეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სოზარ სუბარი და კახი კალაძე იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან სააგენტო „ინფო-9“-ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, ასევე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები - ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

















