სტუდენტური დღეების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის „სტუ-ს
სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო. მან ახალგაზრდებს მასშტაბური პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება სტუდენტებისთვის დამატებით, არაფორმალურ დატვირთვას წარმოადგენს, რაც ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„აქ არის კულტურული ღონისძიებებიც, სპორტულიც და მათში ჩართულობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თითოეული თქვენგანისთვის. მე პირდაპირი შეხება მაქვს ახალგაზრდულ მიმართულებასთან, მომიწია ჩვენი ახალგაზრდობის დღევანდელი მდგომარეობის სიღრმისეულად გაცნობა და გულწრფელად რომ გითხრათ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. მსგავსი ღონისძიებები მოგვცემს საშუალებას, რომ წინ წავიდეს ჩვენი ქვეყანა და სტუდენტური და ახალგაზრდული მოძრაობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება, სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით სიმბოლურად 100 ღონისძიება ჩატარდება.
სტუდენტური დღეები, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, 30 ივნისამდე გაგრძელდება. სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულებისთვის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა პრიზები დააწესეს, რომლებიც გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ.

















